მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

12:07, 18.07.2026

მთავრობის ადმინისტრაცია უარყოფს კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მთავრობამ თბილისში მდებარე სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე 3 237 კვადრატული მეტრის ფართი სიმბოლურ ფასად გაასხვისა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც განმარტებულია, რომ  ფართობის გასხვისება ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი – 3 237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად, სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ან მარტივი ჭეშმარიტების დადგენა ვერ შეძლეს, ან მათ უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს.

2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრულად აღკვეთა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირი ფორმით გასხვისების პრაქტიკა და ამ პრინციპის ერთგული დარჩება მომავალშიც“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი