მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

„ცრუ ინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“ – ასე ეხმაურება მთავრობის სტრატეგიული კომიტეტი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში მგზავრობის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. განცხადებაში ვკითხულობთ: „თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა.“ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ.