მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის ვადა იწურება

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის ვადა დღეს იწურება. ამ დროის მონაცემებით, სულ 20 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი და ადვოკატი შალვა შავგულიძე.

მმართველი გუნდი ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატის მიმართ პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს, თუმცა, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს თადუმაძეს, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ არის დასახელებული.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველოს“ რჩეული შალვა შავგულიძეა.

იუსტიციის მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

პროცედურები კი ასეთია: თეა წულუკიანი კონსულტაციების შედეგად შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთაც საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე უყრიან კენჭს. დამტკიცებულ კანდიდატურას კი იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, რომლის მხრიდანაც თანხმობის გამოცხადების შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარედგინება.