„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გამარჯვებულებს თბილისის აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები“ 1985 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მიმდინარე წელს აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8 500 სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა.