მსოფლიო მოდის სამყარო ვალენტინოს ემშვიდობება 

მსოფლიო მოდა ვალენტინოს გარეშე.

ცნობილი იტალიელი დიზაინერი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 50-წლიანი შემოქმედება, გამორჩეულად ელეგანტური სტილი და აღიარება საერთაშორისო დონეზე – რომში საკუთარი მოდის სახლის დაარსების შემდეგ წლების განმავლობაში ვალენტინო გარავანი თანამშრომლობდა ცნობილ მსახიობებთან, პოლიტიკოსებთან და სხვადასხვა სფეროს გავლენიან წარმომადგენლებთან. მისი შემოქმედების ინსპირაციად კი კინოსადმი სიყვარული და კინოეკრანი იქცა. წლებთან ერთად სულ უფრო ფართოვდებოდა ლეგენდარული დიზაინერის საქმიანობა, რომელსაც 2008 წლამდე, ანუ პენსიაში გასვლამდე თავადვე ხელმძღვანელობდა.

ჯორჯო არმანისთან და ლაგერფილდთან ერთად, ვალენტინოც იმ დიდი ეპოქის გამორჩეულ წარმომადგენელია, რომელმაც მოდა გლობალურ, მაღალ შემოსავლიან ინდუსტრიად აქცია. ცნობილი იტალიელი დიზაინერი თავის რომაულ რეზიდენციაში ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

იტალიური მოდის ლეგენდას პარასკევს რომში დაკრძალავენ.