მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმი
საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმი იმართება, სადაც შუა დერეფნის საკითხს განიხილავენ. ღონისძიებას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან და შუა დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობებს განიხილავენ. ფორუმზე მსოფლიო ბანკის ფლაგმანური ანგარიშის – „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პუბლიკაცია, შუა დერეფნის სავაჭრო ნაკადების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის ეფექტიანობის და დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ყოვლისმომცველ შეფასებას იძლევა. ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ვაჭრობის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა აზიასა და ევროპას შორის, მაგრამ მისი სამომავლო წარმატება, დამოკიდებული იქნება არა მარტო ახალი ინფრასტრუქტურის აშენებაზე, არამედ დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებაზეც. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის მარშრუტში.