საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მხოლოდ შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრების ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი. საკითხზე, დღეს სამი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მსჯელობდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო.
საბჭოს წევრებმა არსებული ვითარების ანალიზი უნდა წარადგინონ. პარლამენტში შესული პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საბჭოს სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. საბჭოს წევრთა ნაწილი ეტაპობრივ დეკრიმინალიზაციას ემხრობა. კანონის პროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც საზღვარზე პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანის დეკრიმინალიზებას ეხებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ეს ჩანაწერი რისკის შემცველი იყო და მას ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის წახალისება შეიძლება გამოეწვია.
პროექტის მიხედვით უნდა განისაზღვროს აკრძალული ნივთიერებების ის დოზა, რომლის ქონის შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და ქმედება მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით დარეგულირდება.