მსჯავრდებული სააკაშვილის წერილი ციხიდან 

„შეტევა ბოლომდე“ – ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილია. ყოფილი პრეზიდენტის დაბადების დღის დადგომა მხარდამჭერებმა გორის ჰოსპიტალთან შეკრებით და ცაში გაშვებული მანათობლებით აღნიშნეს. თავის მხრივ, პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა თანამოაზრეებს ახალი წერილი გამოუგზავნა, სადაც კიდევ ერთხელ ვრცლად საუბრობს საკუთარ საპრეზიდენტო მიღწევებსა და დამსახურებებზე და რვა წლის შემდეგ ქვეყანაში ჩამოსვლის მიზნებს და გეგმებს ხსნის. საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციას მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდთან შედარებით „მკვეთრად გაუარესებულად“ აცხადებს და ამტკიცებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ სვლაა. იმ ქვეყნისკენ, რომელიც სწორედ საქართველოს გაცხადებული საგარეო კურსის და ევროპული არჩევანის გამო დღეს ღიად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ დასავლეთს ემუქრება. ამავე წერილში ყოფილი პრეზიდენტი მთავარ ამოცანად ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ასახელებს და ამ მიზნის მისაღწევად მხარდამჭერებს ქუჩის პროტესტისკენ და სახელისუფლებო ორგანოების შიგნით ბრძოლისკენ მოუწოდებს.