მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

„დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტური იდეა გვეუბნება, რომ არ შეიძლება კეთილი ზრახვების უკეთური საშუალებებით მიღწევა. ამიტომაც იუსტიციის რეფორმის კრიმინალების ხელით გატარება კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მთავრობის მიერ ქართველი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში, არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას. „უკრაინას რაღაც მიზეზი მაინც აქვს ომის სახით, რომელიც შეუძლია, ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს, მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინოს. როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?“-  წერს შალვა პაპუაშვილი.