მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა დაჯილდოება

საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირი 13-14 ოქტომბერს გაიმართა. შეჯიბრზე, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართა, სულ 31 ქვეყნის 43 გუნდი მონაწილეობდა. სპეციალური პრიზები გუნდის წევრებს ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა გადასცა. ცერემონიას იუსტიციის მინისტრი და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ.