რუსეთმა მარიუპოლიდან და სევეროდონეცკიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა. მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, დღეს, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ქალაქი 500-ზე მეტი მანქანისგან შემდგარმა საევაკუაციო კოლონამ დატოვა, რომლებიც რუსების მხრიდან ნებართვას სამი დღის განმავლობაში ელოდნენ. „მანქანების უზარმაზარი კოლონა მარიუპოლის მცხოვრებლებით (500-დან 1000 მანქანამდე), რომლებიც სამ დღეზე მეტ ხანს ელოდნენ ნებართვას, საბოლოოდ გაუშვეს ზაპოროჟიესკენ. როგორც იქნა, ჩვენს ახლობელ მარიუპოლელებს სახლში ველოდებით“, – განაცხადა პიოტრ ანდრუშენკომ. ამავდროულად, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე პირველად, ევაკუაცია სევეროდონეცკიდანაც განხორციელდა. „ეს უკიდურესად სახიფათო იყო, თუმცა, საბოლოოდ მოხერხდა. ქალაქის 17 მოქალაქე უკვე უსაფრთხოდ არის. მათ შორის სამი ბავშვია“, – განაცხადა გაიდაიმ.