მშვიდობიანი დამხობის გეგმა – უთანხმოება ოპოზიციაში
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ერთიანი სამოქმედო ტაქტიკის არარსებობის გამო ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოება მწვავდება.
მუნიციპალური არჩევნების მონაწილე და ბოიკოტში მყოფ პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებას საჯაროდ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს. განსაკუთრებული სიმწვავით და აგრესიით ყოფილი მმართველი პარტია გამოირჩევა, რომლის ლიდერები გიორგი გახარიას პარტიის გარდა ,,ლელოს” მწვავე კრიტიკასაც არ ერიდებიან. „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარკეტის პოლიტიკოსი უწოდეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში მათივე თანაპარტიელი იყო. და ეს მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა არჩევნებზე არ მისვლა შეცდომად და ხელისუფლებისთვის სასარგებლო ქმედებად შეაფასა. მაშინ როცა ოპოზიციის ნაწილი მსგავს განცხადებებზე ძირითადად დუმილით და წინასაარჩევნო აქტივობებითაა დაკავებული, მეორე ნაწილი არჩევნების დღეს დაგეგმილი აქციისთვის ემზადება და ხელისუფლების გადაბარებას აანონსებს. თუმცა ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალების სრული და მკაფიო მხარდაჭერა არც ამ გეგმას არ აქვს. შესაბამისად, გაურკვეველია, „ნაციონალური მოძრაობის“ და პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ გარდა ვინ შეუერთდებიან 4 ოქტომბრის შეკრებას დანარჩენი ოპოზიციიდან.