საარჩევნო ბოიკოტში მყოფი პარტიების ნაწილი 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, რიტორიკას ამწვავებს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თანამოაზრე პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან და ხელისუფლების დასრულებას აანონსებენ. ყოფილი მმართველი პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის მშვიდობიანი დამხობის გეგმის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს პრემიერის განცხადება. გაჩნდა ეჭვი ამ გეგმაში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო მონაწილეობის შესახებ, რაზეც მთავრობის მეთაურმა პირდაპირ მიანიშნა.
ვინ შეიძლება უმაგრებდეს ზურგს რადიკალური განცხადებებითა და მოწოდებებით გამორჩეულ ხაბეიშვილს მმართველი პარტიის ყოფილი წევრებიდან – კონკრეტული გვარ-სახელები არც პრემიერ-მინისტრს და არც მმართველი გუნდის წევრებს არ დაუსახელებიათ, თუმცა, ცალკეულმა კომენტარებმა გარკვეული ვარაუდები გააჩინა.
მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტირების მომხრე ოპოზიციაში ახლა პოზიციები გაყოფილია. მაშინ, როცა ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებული და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი შეკრების მონაწილეები 4 ოქტომბერზე სერიოზულ გათვლებს აკეთებენ, რვიანის მონაწილე პარტიების უმეტესობა 13 სექტემბრის აქციისთვის ემზადება.