მშობლიური ენის დღე

მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა. მათ შორის გამოიფინა არქივებში დაცული ისტორიული მასალა – ენათა მრავალფეროვნების მატიანე. უნივერსიტეტის მუზეუმი წარმოადგენს გიორგი ახვლედიანის პირად არქივში დაცულ დოკუმენტებს, თუ როგორ ისწავლებოდა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ევროპული და აღმოსავლური ენები.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება.