მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 000 ლარამდე გაიზრდება

შრომის უსაფრთხოებასა და დედაქალაქში სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ განმარტეს, რომ ახალი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულ კანონპროექტს დაემატება, რომელსაც უწყება დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს.

ინიციატივით გამკაცრდება როგორც სანქციების ნაწილი, ასევე ადმინისტრირება. კერძოდ, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება, ხოლო 50 ათასლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული ისეთ შემთხვევაზე, როცა მშენებლობა დარღვევების გამო შეჩერებული იყო და ამის მიუხედავად, ინვესტორი მშენებლობას მაინც გააგრძელებს. თბილისის მერი ფიქრობს, რომ ფულადი სანქციები არსებული პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.