ქართველი ერი სულიერ მამას ემშვიდობება.
უმძიმეს დღეებში გლოვაში გაერთიანებული ხალხი კათოლიკოს-პატრიარქს უკანასკნელ პატივს მიაგებს. მრევლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის დამსახურებებს, ღვაწლს და გამორჩეულ მოღვაწეობას იხსენებს. წლების განმავლობაში ილია მეორე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ჩადიოდა, ხვდებოდა და ესაუბრებოდა მრევლს და ყველა გზავნილში, მიმართვაში, ქადაგებასა თუ ეპისტოლეში ურთიერთსიყვარულისკენ, სიკეთის თესვისკენ, შენდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდებდა. ლოცვის გაძლიერება და ურთიერთწყენის დავიწყება ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქმა დაახლოებით ერთი თვის წინ, დიდმარხვის დაწყებისას, მრევლისთვის გავრცელებულ ბოლო მიმართვაშიც.
ადამიანები, რომლებსაც ერის სულიერ მამასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ, თავისი ცხოვრების გამორჩეულ დღეებს და წუთებს იხსენებენ.