მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კერძოდ,  ბრალდებული გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძისმკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ – 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლლოების აღკვეთა განესაზღვრა.

მეორე არასრულწლოვანი – გ.ჯ – უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის, მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გუშინდელ სხდომაზე დაადგინა.

სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.