„მოზაიკაში“დაშავებული ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

თბილისში, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ გუშინ დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა თინათინ იმერლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ რჩება.

„დაახლოებით ოთხი მეტრი სიმაღლიდან ვარდნის ფონზე მრავლობითი ტრავმა განვითარდა. არის წარბის ნახეთქი ჭრილობა, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა და ღვიძლის ტრავმული დაზიანება. ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, – განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, ღვიძლის დაზიანების გამო, მოზარდი მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს და ამიტომაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

„ბოლო კვლევით დინამიკა შეცვლილი არ არის. დაზიანების შედეგად განვითარებულია ჰემატომა, რომელიც ამ ეტაპზე ზომაში მომატებული არ არის. თუმცა ტომოგრაფიის ჩატარება კიდევ იქნება საჭირო, რომ დაზიანების მიმდინარეობა დადგინდეს“, – განაცხადა თინათინ იმერლიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5-დან მე-4 სართულზე ჩავარდა.

ბიზნესცენტრში მოზარდი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ღონისძიების დაწყებამდე ბავშვი მოაჯირზე მიფარებულ ფარდას მიეყრდნო. მოაჯირის ამ ნაწილს კი, შუშა არ ჰქონდა მიმაგრებული, რის შედეგადაც ბავშვი სართულიდან გადავარდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.