მოწოდება პოლიტიკურ პარტიებს

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული წლის ნოემბერში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის და ვიზიარებთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის წუხილს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას“. ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორმა ელჩებმაც, რომლებმაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ და შეთანხმების ყველა ხელმომწერს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.