მოვაჭრეები ფოთში თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში, ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახდენდნენ, რიონის სანაპიროზე კი, მერიის გადაწყვეტილებით, სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს. მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს ხელისუფლება ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, მაგრამ მათთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.