ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც მოწმის სტატუსით იყო მიწვეული, კომისიის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. „ასი წლის წინ კონგრესის კომისია უკვე ატარებდა მოსმენებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს იყო 1926 წელი და მდგომარეობა იმ დროს საქართველოში უკიდურესად რთული იყო. ვიმედოვნებ, რომ პარალელი აქ მორჩება და შევძლებთ სიტუაციის განსხვავებულად განვითარების ხილვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია ყველა დემოკრატიული უფლების, თავისუფლებებისა და ადამიანის მდგომარეობის თვალსაზრისით.
მისივე თქმით, „ოპოზიცია პრაქტიკულად გაუქმებულია, სამოქალაქო აქტივისტები დაპატიმრებული არიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდული აქვთ დაფინანსება და პარალიზებულები არიან“. ჰელსინკის კომისიაში მოწმის სტატუსით ასევე გამოვიდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. ის ასევე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია ჩინური კომპანიისთვის გზის გაკვალვაში.
რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, თინა ხიდაშელის თქმით, ის ზუსტად წარმოადგენს იმ ტიპის მდგრად სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და რეფორმატორებს გადარჩენაში. თუმცა, კომისიის სხდომაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება არ მოხდება. „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარ აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება“, – განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა და ხაზი გაუსვა, რომ იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი „ჩაკვლა“. გასაოცარია, რომ ეს მოხდა, რატომ მოხდა, არ მესმის“, – აღნიშნა კოენმა.