ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ მომზადებული 2024 წლის ანგარიში განიხილეს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
მომხსენებელი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბექა ძამაშვილის თქმით საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუციები და აღსრულებულად გამოაცხადა უპრეცედენტო რაოდენობის საქმეები. მისი განცხადებით საანგარიშო პერიოდში აღსრულებულია 20 საქმე. ძამაშვილის ინფორმაციით ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში იყო 3045 საქმე. 2025 წლის იანვრის მონაცემით კი ეს რიცხვი 190-ს შეადგენს.