„საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას. ასევე მიუღებელი უწოდა ხელისუფლების ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. „8,5 მილიონი ევრო უკვე გადამისამართდა მათთვის. ასევე მზად ვართ, გადავამისამართოთ დამატებით 7 მილიონი ევრო კომუნიკაციის საქმიანობისთვის და უნდა გავაძლიეროთ რეაგირება დეზინფორმაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ავრცელებს“, – განაცხადა კოსმა. ასევე მან აღნიშნა, რო დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრები მიმდინარე თვის ბოლოს უყრიან კენჭს.