„მეგობარი აქტი“ კანონის სახეს ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სენატში მის განხილვას რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი ბლოკავს. ის, რომ აქტი სენატში არ განიხილება, კონგრესმენმა სტივ კოენმაც დაადასტურა, სწორედ მაშინ, როდესაც ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარებაზე დისკუსიისთვის, მოწმის სტატუსით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოსმენა მიმდინარეობდა.
„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ ამ სახელწოდებით გამართულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს და მმართველი გუნდი რუსეთის, ჩინეთისა და ირანისკენ სვლაში დაადანაშაულეს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებსა და ბოლო დროს მიღებულ კანონებზე.
ვაშინგტონიდან გაჟღერებულ გზავნილებს ოფიციალური თბილისის მძიმე რეაქცია მოჰყვა. აგენტები და მოღალატეები – ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები, სადაც სალომე ზურაბიშვილსა და თინა ხიდაშელს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და ამერიკა- საქართველოს ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაში ადანაშაულებენ.