აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა გაიმართა სახელწოდებით: „ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის: ნაწილი 2.“ ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსმენას კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი უძღვებოდა. სხდომაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ევროპული ონლაინ ცენზურის კანონები, როგორებიცაა ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონი და გაერთიანებული სამეფოს ონლაინ უსაფრთხოების შესახებ კანონი, საფრთხეს უქმნის ამერიკელების უფლებას, თავისუფლად ისაუბრონ ონლაინ რეჟიმში შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, მოსმენაზე განმარტეს თუ როგორ ესხმის თავს ევროპული რეგულაციები ამერიკულ კომპანიებს და ზიანს აყენებს ინოვაციებს. ევროპაში ცენზურის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტრანსგენდერული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო, დევნის ფაქტებზე ისაუბრეს ირლანდიელმა ადვოკატმა ლორკან პრაისმა, ფინეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ფინეთის პარლამენტის წევრმა პაივი რასავენიმ. სხდომაზე ასევე მიწვეული იყო ჟურნალისტი და კომიკოსი სცენარისტი, გრემ ლინეჰანიც.