მოსამზადებელი სამუშაოები გელათში

გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერისა და ასევე გარე პერიმეტრზე სახურავის შესასწავლად ხარაჩოები აღიმართა იმისთვის, რომ უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალება მიეცეთ. მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

უწყების ცნობით, მალე საქართველოს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა. სპეციალისტები გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. იმავე მიდგომით მოხდება კედლის ფერწერის დაზიანებული ნაწილების შესწავლა და ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმის დასახვა.