მოსამართლეთა შერჩევის პროცესი

პროცესს, რომელიც ბოლო თვეებში პოლიტიკური უთანხმოების მთავარი თემაა, დღეს პირველად აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურაა განხილული. „ოდირის“ მონიტორები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს 29 ივნისიდან ადევნებდნენ თვალს. ორგანიზაციას მოსამართლეების ღია დანიშვნის პროცედურის დანერგვა და კრიტერიუმების გაწერა მოსწონს, თუმცა მიუთითებს ხარვეზებზეც. მონიტორები საუბრობენ გასაუბრების დროს ცალკეულ კანდიდატთა მიმართ არათანაბარ მოპყრობაზე.

ოდირს“ შენიშვნა აქვს პარლამენტში გადაგზავნილი 20-კაციანი სიის, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივნის მიმართ, რომელიც თავადაც კონკურსის მონაწილეა. მოსამართლეების შერჩევის პროცესი იუსტიციის საბჭოდან ახლა პარლამენტში ინაცვლებს, თუმცა კანდიდატურების განხილვები, სავარაუდოდ, ხმაურიანად ჩაივლის, რადგან კანდიდატთა სია ოპოზიციასა და მესამე სექტორში მაინც სადავოა.