იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს – გადაწყვეტილება მოსამართლეთა 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე 270-მა მოსამართლემ მიიღო. თანამდებობაზე, ოთხი წლის ვადით, ირაკლი ბონდარენკო, ქეთევან ცინცაძე და რეზო ნადარაია დაინიშნა. ხმის მიცემის პროცესი ფარული იყო. ახალი წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. ახალ წევრებს საბჭოში მუშაობის გამოცდილება აქვთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანაც ექვსი არამოსამართლე, ხოლო ცხრა მოსამართლე წევრია. არამოსამართლე წევრებს პრეზიდენტი და პარლამენტი ნიშნავს, მოსამართლე წევრები კი სწორედ მოსამართლეთა კონფერენციის გზით შეირჩევიან.