მოსამართლეების შერჩევის პროცესი

მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება.

ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ნინო ლომჯარიას შენიშვნები იუსტიციის საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესს, მათ შორის ფარულ კენჭისყრას ეხება. სახალხო დამცველს პრეტენზიები აქვს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების ერთი ნაწილის კვალიფიკაციის მიმართაც. ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებული, თუმცა საჭირო გადაწყვეტილებაა ოპოზიციისთვის, რომელიც პარლამენტში წარდგენილ კანდიდატთა უმრავლესობას სასამართლოს ე.წ. კლანის მიერ შერჩეულ კანდიდატებად მიიჩნევს და ინდივიდუალური კენჭისყრების დროს მათ მხარდაჭერას არ აპირებს. ამავე არგუმენტებით მმართველ გუნდს კანდიდატების ჩაგდებისკენ მოუწოდებენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და უფლებადამცველებიც.