მოსამართლეების დანიშვნა და ევროკომისიის განცხადება  

საქართველოს მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელების გამო, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს გათვალისწინებული დახმარება შეუჩეროს. ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობაა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. განცხადების თანახმად, ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში. ევროკომისიის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.