მოსამართლების მოსმენა და დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტი დღესაც მწვავე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ადგილად იქცა. ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად შეეხო. „ქართული ოცნებიდან“ პროტესტით წასული დეპუტატი ყოფილი თანაგუნდელის რეპლიკამ გააღიზიანა. ინციდენტს ერთმანეთის მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი ეპითეტი მოჰყვა.

კონფლიქტი მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს – მირანდა ერემაძეს უსმენდნენ. სწორედ მის სახელს უკავშირდება 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე დაკავებულთა საქმე, რომელიც დღევანდელი მოსმენის დროს კანონმდებლებმა რამდენჯერმე ახსენეს. ერემაძეს წინა ხელისუფლების დროს სასამართლოში არსებულ ვითარებაზეც ჰკითხეს. კანდიდატს არ უარყვია, რომ მაშინ მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.