მოსამართლე ილონა თოდუა ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა“, – ასე ეხმაურება მოსამართლე ილონა თოდუა ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებას. თოდუას შეფასებით, ცილისმწამებლური კამპანია მისი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მისი თქმით, სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს აცნობა, რათა შეწყვეტილიყო მისთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავების თანხის გადახდა. ამასთან, მისი თქმით, მოსამართლედ ხელახლა გამწესებამდე და გამწესების შემდეგ, მისივე ხარჯით გააგრძელა ცხოვრება მეუღლესთან და შვილთან ერთად დაქირავებულ ბინაში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა კი 2018 წლის ნოემბერში, საბანკო კრედიტის დახმარებით მოახერხა.