წყნეთის გზატკეცილის მეორე ჩიხში მდებარე 1/3-ე კორპუსის მაცხოვრებლები მერიას თხოვნით მიმართავენ და ადგილობრივების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ ტერიტორიაზე მდებარე ქვაბულის ამოვსებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, 2020 წელს კორპუსის აშენების მიზნით, ინვესტორმა აქ მდებარე კორპუსების მიმდებარედ სამშენებლო ქვაბული გააკეთა, თუმცა ვინაიდან მისი ამოთხრა სამშენებლო ნორმების დარღვევით მოხდა და მომიჯნავე კორპუსს საფუძველი ეცლებოდა, მერიამ ამ და სხვა მიზეზების გამო მშენებლობა შეაჩერა, პროექტი გააუქმა და მშენებელი დააჯარიმა – დაავალა აღნიშნული ორმოს ამოვსებაც, საკითხი გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ამ პრობლემის გადაჭრა. მომიჯნავე კორპუსების მაცხოვრებლები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შეიძლება ქვაბულის ამ მდგომარეობაში დატოვებამ გამოიწვიოს.