მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ
მძიმე შინაარსის კიდევ ერთი საერთაშორისო რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ამჯერად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა – რეზოლუციის პროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეული ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. მის მიერ მომზადებულ დოკუმენტს 8 ივლისს უნდა უყარონ კენჭი, მანამდე კი პროექტმა უკვე მიიღო საკომიტეტო მხარდაჭერა. დოკუმენტში, რომელიც ჰააგის დეკლარაციის ნაწილია, გაკრიტიკებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური აქტორების თუ დემონსტრანტების დაკავება და რამდენიმე კანონის მიღება. მოთხოვნები და მოწოდებები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გზავნილების იდენტურია – მოთხოვნილია კონკრეტული კანონების უკან გაწვევა, ასევე 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ცნობების გამოძიება. არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა ჰააგაში ჩასული ქართული დელეგაციის წევრთა რეაქცია. მმართველი პარტიის წევრმა გამოსვლის დროს უილსონს ამერიკაში მოქმედი ფარას კანონი, ეუთო/ოდირის დასკვნის შინაარსი და ეუთო-ს სხვა წევრ ქვეყნებში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნები შეახსენა. ქართული დელეგაცია ასამბლეას პროექტის უარყოფისკენ მოუწოდებს.