მორაგბეების განცხადება

„ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე ირაკლი აბუსერიძის და მისი მხარდამჭერების ბრიფინგი გაიმართა, სადაც „ბორჯღალოსნების“ ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ვეტერანმა მორაგბეებმა არჩევნების დღეზე, პროტესტის ფორმებზე და მათ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

ირაკლი აბუსერიძემ მისი მისამართით გავრცელებულ ანონიმურ წერილზეც გააკეთა კომენტარი და ბრალდებას სასაცილო უწოდა, რომელსაც არავინ დაიჯერებს. მისი თქმით, ის ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივად აპირებს. მან უკვე ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, თუმცა ეს საქმე დარეგისტრირდა როგორც სამოქალაქო დავა, რაც აბუსერიძის თქმით, კითხვის ნიშნებს ბადებს. კლუბების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროტესტის ფორმებზეც. მათი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბებთან, მორაგბეებთან  და განიხილავენ „დიდი 10“-ის ბოიკოტს ასევე სხვა მეთოდებსაც, რომელიც რაგბის კავშირის ფუნქციონირებას შეაფერხებს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.