მოქალაქის დაკავების საქმე

თელავში პოლიციის მიერ გუშინ დაკავებული ახალგაზრდა  მოსამართლემ დღეს დარბაზიდან გაათავისუფლა.

თამარ კაპანაძემ ადმინისტაცული წესით დაკავებული პირის 12 საათზე მეტი დროით პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელად მიიჩნია და ადმინსიტრაციული კანონდარღვევისთვის დაკავებული გიორგი ქიტოშვილის საკითხის განხილვა 30 მარტისთვის გადადო. მოსამართლემ პროცესის გადადების მიზეზად დღის განმავლობაში ჩანიშნული რამდენიმე ადმინისტრაციული პროცესი დაასახელა. თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარეს 6 მარტს დაკავებული ახალგაზრდის მიერ კანონდარღვევის ამსახველი ყველა ვიდეო მტკიცებულების წარდგენა დაავალა. სასამართლოს სხდომაზე ქიტოშვილმა,  ვიდეო გადაღების აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ქიტოშვილი დაკავების  მომენტში მასთან ერთად მყოფმა პირმა გადაიღო. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ქიტოშვილი საპატრულო პოლიციამ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის გააჩერა, თუმცა შემდეგ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა. მომხდართან დაკავშირებით თავად გიორგი ქიტოშვილი დღეს კომენტარს აღარ აკეთებს. გუშინ კი მოქალაქე პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებდა.