მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა “„მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა. სხდომას დეპუტატებთან ერთად კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ასევე თემატური მოკვლევით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თემატური მოკვლევის დაწყების მიზანია, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა, ასევე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ამ მიმართულებით არსებული კარგი პრაქტიკის შესწავლა და იმ პრობლემების აღნუსხვა, რომელიც მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ეფექტურ ჩართულობას ხელს უშლის. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები გაცვალეს და საუბარი მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებსაც შეეხო. ეკა სეფაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხზე ზეპირი მოსმენები სექტემბრიდან დაიწყება. თემატური მოკვლევის ჯგუფი საკითხის შესწავლის შემდეგ დასკვნას 3 თვეში დადებს და პასუხისმგებელ პირთა მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებს შეიმუშავებს.