მომიტინგე მოსწავლეებისა და პოლიციის დაპირისპირება მონპელიეში (ვიდეო)
სამშაბათს, 6 ოქტომბერს, პოლიციამ ქალაქ მონპელიეში, კომედიის მოედანზე (Place de la Comédie) შეკრებილი მომიტინგე მოსწავლეები ძალის გამოყენებით დაშალა. ამავე დღეს, საფრანგეთის მასშტაბით, ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა სკოლების ბლოკირების და მოსწავლეთა პროტესტის სხვა ფორმების მხარდასაჭერად, რომლის მონაწილეებიც სწავლისთვის უკეთესი პირობების შექმნას ითხოვენ.
ამ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეხმარებიან ადამიანები ძირს დაგდებულ პირს, რომლის გარშემო სპეცრაზმელები დგანან. მომიტინგე ახალგაზრდების ჯგუფს პოლიციელები უკან ახევინებენ, რა დროსაც მათ შორის ხანმოკლე ფიზიკური დაპირისპირება ხდება.
მეორე ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ გარბიან ახალგაზრდები პოლიციელებისგან.
პოლიციის შეფასებით, საფრანგეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში მეოთხედი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო აქციების ორგანიზატორების მონაცემებით, აქციებში 450 000 ადამიანი იყო ჩართული.
პერსონალის დეფიციტისა და ამორტიზებული სასკოლო შენობების გამო გამართული არაერთი საპროტესტო აქცია მოსწავლეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. საფრანგეთის მედიის ცნობით, რომელიც ხელისუფლების მონაცემებს ეყრდნობა, დაშავებულია, სულ მცირე, 215 მოსწავლე და 715 პოლიციელი. საპროტესტო აქციების დროს დაკავებულია 5 000-ზე მეტი პირი, რომელთა უმრავლესობაც არასრულწლოვანია.
სკოლებისთვის ბლოკადის მოხსნის დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხი სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოსწავლემ მძიმე დაზიანებები მიიღო.
მედიის ცნობით, ორშაბათს, ლანსში მომხდარი დაპირისპირების დროს, აქციის 15 წლის მონაწილემ ხელის დაკარგა, გასულ კვირას კი სენ-უენ-ლ’ომონელმა 14 წლის მოსწავლემ სახის არეში მძიმე დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც თავში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა მოხვდა.