მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინში

ოპოზიცია ხელისუფლებისაგან შემხვედრ წინადადებებს ელოდება. რა შინაარსის იქნება მმართველი გუნდის პასუხი, – სწორედ ამაზეა დამოკიდებული შედგება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. „ქართული ოცნების“ ოპონენტებმა, ფასილიტატორებს უკვე გადასცეს მათ მიერ შემუშავებული წინადადებების პაკეტი, რომელიც, როგორც ცნობილია, სულ ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაა. დღეს იწურება ის ვადაც, რაც დიპლომატებმა ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის ითხოვეს. ოპოზიცია ამბობს, რომ კომპრომისულ შეთავაზებას ახლა მმართველი პარტიისაგან ელის და მოქმედების შემდგომ ნაბიჯებს, ამის შემდეგ განსაზღვრავს.