მოლაპარაკების დეტალები - ელისაშვილის განცხადება 

რამდენიმე ახალი დეტალი ხდება ცნობილი კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მეორე რაუნდიდან. წყარო ალეკო ელისაშვილია, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი რურუას თუნდაც დაუყოვნებლივ გათავისუფლების შემთხვევაშიც კი ოპოზიცია შეთანხმების ხელმოწერაზე მაინც არ იყო თანახმა. „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, რომ შესაბამისი შეთავაზებით ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომელიც დანიელსონის დოკუმენტში საერთოდ არ იყო ნახსენები, ოპოზიცია სწორედ რურუას საკითხის ღიად დატოვებას ასახელებს დოკუმენტზე ხელის არ მოწერის მიზეზად. ელისაშვილი მზად არის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს უახლოეს დღეებში ხელი მოაწეროს, ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის საჯაროდ და ცალ-ცალკე დაფიქსირებისკენ მოუწოდებს სხვა პარტიებსაც.