მოლაპარაკებებში შარლ მიშელის წარმომადგენელი ერთვება

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ბრიუსელი თბილისში შვედ დიპლომატს აგზავნის.

შარლ მიშელის მედიაციით პირველ მარტს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დაწყებულ პოლიტიკურ დიალოგს კრისტიან დანიელსონი გააგრძელებს. სწორედ ის ერთვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მანდატით პროცესში. დანიელსონი, რომელიც ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია, თბილისში დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში ჩამოვა, რადგან 16 მარტს ბრიუსელი მიშელის მიერ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციისთვის განსახილველად დატოვებულ საკითხებზე პროგრესს ელის. გამოცდილ დიპლომატს მოლაპარაკებათა მაგიდასთან, სავარაუდოდ, რთული სამუშაოები ელის, რადგან ექვსი საკითხის გარშემო მხარეთა პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება. მიშელის წარმომადგენლის ჩამოსვლამდე პოლიტიკურმა სპექტრმა დღეს ბრიუსელიდან მკაფიო გზავნილი მიიღო.