მოლაპარაკებების პერსპექტივა და ევროკავშირის მედიაცია

საზოგადოება პოლიტიკური შეთანხმების მოლოდინში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ხვალიდან თბილისში საკუთარი მისიის შესრულებას დაიწყებს. კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაგეგმილ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისულ შეთანხმებამდე მისვლას და პოზიციების დაახლოებას, რამაც არსებული პოლიტიკური კრიზისი უნდა განმუხტოს. იმისთვის, რომ კონსენსუსის გარკვეული ნიშნები გაჩნდეს, დრო ცოტაა, რადგან მომავალ კვირას საქართველოს პრემიერს ბრიუსელში ელოდებიან. შარლ მიშელის მიერ დატოვებულ საკითხებზე ევროკავშირი გარკვეულ პროგრესს 16 მარტისთვის ელის. ერთი დღით ადრე განწყობები და რიტორიკა შედარებით კონსტრუქციულია: ორივე მხარე კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად დაძლევაზე საუბრობს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის დროს გარკვეულ დათმობებსაც დასაშვებად მიიჩნევს. ახლა საინტერესოა, რა იგულისხმება ამ კომპრომისებში და ვინ რის დასათმობად არის მზად.