რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხვალ სტამბოლში გაიმართება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა რუსული მხარიდან ხელმძღვანელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ასევე, თურქულ მედიაში აცხადებენ, რომ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა და პოზიციები განსაზღვრა. მანამდე უკრაინის ლიდერმა ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენაც მოუწოდა. ზელენსკის აზრით, მათ მშვიდობის დამყარებაში სანქციების გამკაცრება დაეხმარებათ. დააწესებს თუ არა ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს – ეს უცნობია, თუმცა მასშტაბური სანქციების კანონპროექტი, რომლის ავტორები, სენატორები
ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენტალი არიან, სენატში ჯერ კიდევ აპრილის თვეში დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირას დაიწყება.