მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

მოლაპარაკების პროცესი ფინალისკენ მიდის.

მესამე რაუნდზე შესაძლო შეთანხმების გარკვეული ნიშნები გამოიკვეთა. ორივე მხარე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ დღევანდელ დიალოგს წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. თუმცა, „ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, რომელიც ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს, ოპოზიცია ჯერ სკეპტიციზმს ინარჩუნებს. ოპოზიციონერი ლიდერები არ უარყოფენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება არ არსებობს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე. კონსენსუსის მისაღწევად დრო ცოტა რჩება. მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ ხვალ შედგება. პარლამენტის პირველი სხდომის მოახლოებიდან გამომდინარე, ხვალინდელი შეხვედრა დიდი ალბათობით გადამწყვეტი უნდა იყოს.

ერთ-ერთი საკითხი, რაც თითქმის ექვსსაათიანი მოლაპარაკების დროს განიხილეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებია. თუმცა რა სახის ცვლილებებზეა საუბარი, დღეს არ დაკონკრეტებულა. შეხვედრის მონაწილეები ელჩების თხოვნით კონსულტაციების დროს განხილულ საკითხებზე არ  საუბრობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ თემებს შორის, ვადამდელი არჩევნების გარდა, პატიმრობაში მყოფი რამდენიმე  პირის  გათავისუფლების მოთხოვნაც იყო. მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ოპოზიციის რვა და „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი ესწრებოდა.