მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

 ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციას ვადას თებერვლის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ შეთანხმების ფანჯარა დაიხურება.

არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციური პარტიები. გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება – 100/50-ზე, საზოგადოების დაკვეთას არ პასუხობს, თუმცა, ისინი ცუდი სცენარისთვისაც მზად არიან და თუ არსებული სისტემა დარჩება, ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარულ ოლქებში, შესაძლოა, საერთო კანდიდატი წარადგინონ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებას სხვა ოპოზიციური ძალებიც ეხმაურებიან. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციები და ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება. რაც შეეხება გია ვოლსკის პოზიციას, ის ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მმართველი გუნდი ამ ეტაპზე რაიმე დათმობაზე წავიდეს.