გაძლიერებული საერთაშორისო ძალისხმევა – ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ღაზის სექტორში ორწლიანი ომის დასრულების რეალური იმედი ჩნდება. აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნით, კონფლიქტის მხარეები ეგვიპტეში იკრიბებიან, სადაც ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლები არაპირდაპირ მოლაპარაკებებს შუამავლების ჩართულობით მართავენ. ეგვიპტის პრეზიდენტი ტრამპის გეგმას მშვიდობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს. დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის დიდ ნაწილს „ჰამასი“ თანხმდება, თუმცა ზოგიერთი პუნქტი დავის საგანია. 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, მძევლების ნაწილი ამ დრომდე ღაზაში რჩება. საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ისრაელი საავადმყოფოების, ლტოლვილთა ბანაკებისა და სკოლების დაბომბვაში არაერთხელ დაადანაშაულეს.
ორწლიან ომს არაბულ ანკლავში 67 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.