მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით

ხელისუფლება და ოპოზიცია მედიატორის გადაწყვეტილების მოლოდინში. უახლოეს საათებში უნდა გაირკვეს, ევროკავშირის ჩართულობით როდის დაინიშნება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დამატებით ინდივიდუალურ შეხვედრას მოითხოვს რომელიმე პარტიასთან.

ამ დრომდე კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობის ოფისში რჩება, სადაც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებიც იმყოფებიან. დღეს დანიელსონი რვა ოპოზიციურ პარტიას შეხვდა და მათი პოზიციები მოისმინა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეტალურად განიხილეს ექვსპუნქტიანი დოკუმენტი, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად და სად შეიძლება იყოს კომპრომისის ხაზი. ოპოზიციის მოთხოვნად კვლავ რჩება რიგგარეშე არჩევნები და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, პარტია „მოქალაქეები“ კი ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად სასამართლოს რეფორმას ასახელებს. ისევ იყო საუბარი პლებისციტზე, თუმცა, მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან.

„ქართული ოცნება“ მზად არის კონსენსუსისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეთანხმება შედგება – ასეთია მმართველი გუნდის მოლოდინი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უკვე კარგი კონტურები გამოიკვეთა, თუმცა, კონკრეტულ საკითხებს არ ასახელებს, რაზე შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებას დაპირისპირებულმა მხარეებმა. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნიკა მელიას შეუძლია დღესვე დატოვოს საპატიმრო, თუ გირაოს გადაიხდის, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, „ქართული ოცნების“ პოზიცია არც ამ საკითხთან დაკავშირებით შეცვლილა.

 

დატოვე კომენტარი