მოლაპარაკებები და პროტესტი „ნამახვანჰესის“ საკითხზე

პარალელურად გუმათის დასახლებაში პროტესტი გრძელდება.

დიალოგის დაწყების და ხელისუფლებასთან გუშინდელი თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ ჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის პასუხს ელოდებიან. სოფელ ნამოხვანისკენ გზის გახსნა, რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და „ენკას“ მხრიდან ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა – ეს სამი პირობა დააყენეს ხეობის მცველებმა დიალოგის გასაგრძელებლად. სამივე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში აქციის ორგანიზატორები მზად არიან, რომ მთავრობასთან ენერგეტიკული პროექტის და სადავო ხელშეკრულების გარშემო შინაარსობრივი მოლაპარაკებები დაიწყონ. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკების პროცესში წითელი ხაზები არ იქნება. ხელისუფლება მოსახლეობასთან კომუნიკაციის დაგვიანებას აღიარებს. აქციის ორგანიზატორთა პირობების განსახილველად მთავრობამ რამდენიმე დღე ითხოვა.