ბერმუდა, სინგაპური და ახლა უკვე ლონდონი – ბიძინა ივანიშვილმა, პირადი ბანკირის მხრიდან ძარცვის შემდეგ, მოპარული თანხის დაბრუნებისა და ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავა ყველა ინსტანციაში მოიგო.
შვეიცარიულ „კრედიტ სუსთან“ სამართლებრივი პროცესი, სრულად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სასარგებლოდ დასრულდა. თუმცა, რატომ არ აქვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, სამი სასამართლოს ვერდიქტის აღსრულების იმედი – უარყოფით მოლოდინს, ივანიშვილს საქმის პოლიტიკური ასპექტები უჩენს. მისი ინტერესების დამცველი უკვე რამდენიმე დღეა აცხადებს, რომ ივანიშვილის ოჯახს გაყინული აქტივების დაბრუნების მოლოდინი არ აქვს. მთავარ არგუმენტად ის პოლიტიკური შანტაჟი სახელდება, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ, ადვოკატის ინფორმაციით „დიფ სთეითის“ ხელით, წლებია ხორციელდება. კიდევ ერთ გარემოებად, შტატების სახაზინო დეპარტამენტის სანქციები განიხილება, რომელსაც მოსარჩელე მხარე ასევე პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. რასაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მმართველი გუნდი წლებია ამტკიცებს, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირიბად დაადასტურეს. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, ბიძინა ივანიშვილს მილიარდ დოლარზე მეტის ფინანსური აქტივის დაბრუნების სანაცვლოდ, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ურჩიეს.