მოძრაობის „ქართული განათლება საფრთხეშია" - განცხადება

მოძრაობა „ქართული განათლება საფრთხეშია“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. მოძრაობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გამოიყენება უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად. ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, წევრობის დაკარგვა ნიშნავს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს განათლების სისტემის რეპუტაციაზე და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების აღიარება საზღვარგარეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში. დასკვნის მიხედვით კი, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო. ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, მათ რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაბარებია. თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, მან 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. განათლების ხარისხის ცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დროებითია. დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.